წესდება

“ასოციაცია ბროწეული” დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმება (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის)

მუხლი1 ზოგადი დებულებები

1.1 “ასოციაცია ბროწეული-Association Pomegranate” წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად წევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო(არაკომერციულ) იურიდიულ პირს რომელიც მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად.

1.2 “ასოციაცია ბროწეული-Association Pomegranate” იქმნება განუსაზღვრელი ვადით და წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

1.3 საზოგადოების სახელწოდება ასოციაცია ბროწეული – ინგლისური ტრანსლიტერაციით: – Association Pomegranate”

1.4 სამართლებლივი ფორმა: არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი

1.5 “ასოციაცია ბროწეული-Association Pomegranate”თავისი მიზნებიდან გამომდინარე მოქმედებს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ.

1.6 “ასოციაცია ბროწეული-Association Pomegranate”ს იურიდიული მისამართია: ( გაზაფხულის ქ 23 ბინა 21 ა თბილისი, საქართველო)

1.7“ასოციაცია ბროწეული-Association Pomegranate” თავისი წევრის(წევრების), აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მდგომარეობისაგან დამოუკიდებელია. “ასოციაცია ბროწეული-Association Pomegranate”ს პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მისი ქონებით. “ასოციაცია ბროწეული-Association Pomegranate”ის ვალდებულებებისათვის მისი წევრები, აგრეთვე მისი ხელმძღვანელობი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი(პირები) პასუხს არ აგებენ. ასევე არ აგებს “ასოციაცია ბროწეული-Association Pomegranate”ა პასუხს საკუთარი წევრების, მისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის(პირების) ვალდებულებებისათვის.

1.8 “ასოციაცია ბროწეული-Association Pomegranate”ს შეუძლია დააფუძნოს ფილიალები (წარმომადგენლობები) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით

1.9 “ასოციაცია ბროწეული-Association Pomegranate”ს შეიძლება ჰქონდეს ბეჭედი თავისი სახელწოდებით და ემბლემით შტამპი და ყველა საჭირო რეკვიზიტი.

1.10 “ასოციაცია ბროწეული-Association Pomegranate”ის ელ ფოსტად განიზასზღვროს: brotseuli.community@gmail.com

მუხლი2 ტერმინთა განმარტება

2.1 წესდებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ასოციაცია – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი “ასოციაცია ბროწეული-Association Pomegranate”

ბ) დამფუძნებლები – არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი “ასოციაცია ბროწეული-Association Pomegranate”ს დამფუძნები.

გ) საერთო კრება – ”არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი “ასოციაცია ბროწეული-Association Pomegranate”ს წევრების საერთო კრება.

დ) გამგეობა – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი “ასოციაცია ბროწეული-Association Pomegranate”ს საერთო კრების მიერ არჩეული გამგეობა

ე) ასოციაციის თავმჯდომარე – არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი “ასოციაცია ბროწეული-Association Pomegranate”ს გამგეობის თავმჯდომარე.

ვ) ასოციაციის დირექტორი – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი “ასოციაცია ბროწეული-Association Pomegranate”ს გამგეობის მიერ დანიშნული დირექტორი.

ზ) დირექტორთა საბჭო – არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი “ასოციაცია ბროწეული-Association Pomegranate”პროგრამების დირექტორებისგან დაკომპლექტებული საბჭო.

მუხლი3 “ასოციაცია ბროწეული-Association Pomegranate”მიზნები და ამოცანები

3.1 “ასოციაცია ბროწეული-Association Pomegranate” არის თანასწორუფლებიანობის პრინციპზე დაფუძნებული, აივ/შიდსის მქონე პირთა, მათი ოჯახის წევრების, პარტნიორულ ურთიერთობაში მყოფი პირების, აივ/შიდსის რისკ ჯგუფების წარმომადგენელთა და აივ/შიდსის სფეროში მომუშავე პროფესიონალთა გაერთიანება, რომლის მიზანია აივშიდსის მქონე პირთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის სახელმწიფო პოლიტიკის და შესაბამისი გარემოს შეცვლა/გაუმჯობესება;

3.2 აივ/შიდსის მქონე პირების უფლებების ადვოკატირება, ინტერესების დაცვა და საკანონმდებლო ინიცირება;

3.3 სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა.

3.4 საერთაშორისო პაქტების, დეკლარაციებისა და კონვენციების პოპულარიზაცია და მათში განსაზღვრული უფლებების რეალიზაციის ხელშეწყობა.

3.5 აივ/შიდსის მკურნალობის თანამედროვე მეთოდოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა;

3.6 მაღალი რისკ ჯგუფებისთვის უწყვეტი პრევენციული პროგრამების ხელმისაწვდომობის ადვოკატირება;

3.7აივ/შიდსის მქონე პირთა ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა მკურნალობაზე დამყოლობისთვის, განსაკუთრებული აქცენტით სარისკო ჯგუფებზე;.

3.8 აივ/შიდსის პაციენტთა განათლება აივ-შიდსის მართვის შესახებ;

3.9 აივ-შიდსის მქონე პირთა მიმართ დისკრიმინაციის გამოვლენა, შესწავლა და აღკვეთის ხელშეწყობა;.

3.10 საზოგადოების ცნობიერების ამაღლება აივ-შიდსის შესახებ.

3.11 სქესობრივად და სისხლის გზით და აივ ინფექციასთან ასოცირებული გადამდები ინფექციების (მათ შორის ტუბერკულოზი) და არაგადამდები დაავადებების პრევენცია და შესაბამისი სამკურნალო სერვისებზე ხელმისაწვდომობის ადვოკატირება;

3.12 ჰომოფობიური, ბიფობიური, ტრანსფობიური, სექსისტური და რასისტული გარემოს ცვლილების ხელშეწყობა

3.13 არსებული ნარკოპოლიტიკის გაუმჯობესების ხელშეწყობა.

3.14 ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და ხელშეწყობა

3.15 სოციალური მეწარმეობისა და საწარმოების მხარდაჭერა

მუხლი 4 საქმიანობის ფორმები

4.1 საწესდებო მიზნების მისაღწევად ასოციაცია: ა) თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ჯგუფებთან ბ) ადვოკატირებას უწევს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციას. გ) უფლებამოსილია ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, საიდანაც მიღებული მოგება ხმარდება ასოციაციის მიზნებისა და ამოცანების რეალიზაციას. ასეთი საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილება ასოციაციის დამფუძნებლებს, წევრებს, შემომწირველებს, აგრეთვე, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის დაუშვებელია. დ) აწყობს ტრენინგებს, ატარებს სემინარებსა და კონფერენციებს ე) უფლებამოსილია ეწეოდეს კვლევით, საგანმანათლებლო და თარგმნით საქმიანობას წესდებით გათვალისწინებული მიზნების შესაბამისად ვ) ეწევა საგამომცემლო საქმიანობას ზ) ეწევა სხვა საქმიანობას რაც აკრძალული არ არის საქართველოს კანონმდებლობით თ) ასოციაციის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ ემსახურება ასოციაციის საქმიანობას, მის ორგანიზაციულ განვითარებას, ხელს უწყობს მისი მიზნების განხორციელებას ან ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს. მუხლი 5 ასოციაციის დამფუძნებლები

5.1 ასოციაციის დამფუძნებლები არიან: სახელი გვარი პირადი ნომერი იურიდიული მისამართი

  • გოჩა გაბოძე .
  • მარინე გოგია
  • ხათუნა ქუთათელაძე
  • ვალერიანი ტალიკაშვილი
  • გიორგი თაბაგარი
  • დავით კახაბერი

5.2 ასოციაციის დამფუძნებლები ავტომატურად ხდებიან ასოციაციის ნამდვილი წევრები.

მუხლი 6 ასოციაციის წევრობა

6.1ასოციაციას ჰყავს ნამდვილი და ასოცირებული წევრები

6.2 ასოციციის წევრების რეესტრს აწარმოებს ასოციაციის თავმჯდომარე

6.3 ასოციაციის წევრი შეიძლება გახდეს ყველა ის ფიზიკური და იურიდიული პირი ვინც იზიარებს წესდებით გათვალისწინებულ მიზნებს და სურს მონაწილეობის მიღება ასოციაციის მიზნების განხორციელებაში.

6.4 ასოციაციის წევრად მიღება ხდება მსურველის წერილობითი განცხადების საფუძველზე. წევრად მიღების გადაწყვეტილებას იღებს ასოციაციის გამგეობა. წევრობის განაცხადების განხილვა ხდება 3 თვეში ერთხელ.

6.5 ასოციაციის ნამდვილი წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ აივ-ით ინფიცირებული პირი;

6.6ასოციაციის ასოცირებული წევრი შეიძლება გახდეს ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი, ვინც იზიარებს ასოციაციის მიზნებს.

6.7 ასოციაციის წევრობის გადაცემა სხვა პირისთვის ან მისი მემკვიდრეობით გადასვლა არ დაიშვება.

6.8 ასოციაციის დამფუძნებელი და შემდგომში წევრები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით

6.9 ასოციაციის საერთო კრების საქმიანობისას ხმის უფლებით სარგებლობენ მხოლოდ ნამდვილი წევრები.

6.10 ასოციაციის წევრობის შეჩერება ან შეწყვეტა ხდება გამგეობის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით,, წევრის წერილობითი განაცხადის საფუძველზე, ასევე მისი გარდაცვალების გამო.

მუხლი 7 ასოციაციის წევრების უფლება მოვალეობები

7.1 არჩეულ იქნეს ასოციაციის სხვადასხვა სტრუქტურაში;

7.2 უფლება აქვს მონაწილეობას იღებდეს ასოციაციის საქმიანობაში.

7.3 მონაწილეობა მიიღოს ასოციაციის მიზნებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და მის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში.

7.4 წარადგინოს საკუთარი წინადადებები ორგანიზაციის საქმიანობის სამოქმედო გეგმის შემუშავებისას.

7.5 ფლობდეს ნებისმიერი სახის ინფორმაციას ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ გარდა საქართველოს კანონის პერსონალური ინფორმაციის დაცვის შესახებ გათვალისწინებული ნორმებისა.

7.6 მიიღოს მომსახურება რომელსაც ახორციელებს ასოციაცია

7.7 ასოციაციის ნამდვილი და ასოცირებული წევრები სარგებლობენ თანაბარი უფლება მოვალეობებით გარდა საერთო კრებაზე ხმის მიცემის უფლებისა.

7.8 ასოციაციის წევრი ვალდებულია დაიცვას ინფორმაციის კონფიდენციალობა

7.9 ასოციაციის ნამდვილი წევრები ამტკიცებენ ხმათა უმრავლესობით დახურული კენჭისყრის შედეგად ორგანიზაციის სამოქმედო გეგმას, რომელსაც შეიმუშავებს ორგანიზაციის გამგეობა და განსახორციელებლად წარუდგენს ასოციაციის დირექტორს (დირექტორთა საბჭოს)

7.10 ასოციაციის წევრი ვალდებულია: ა) დაიცვას ასოციაციის წესდება, შიდაგანაწესი და მმართველი ორგანოების მიღებული გადაწყვეტილებები. ბ) გაუფრთხილდეს ასოციაციის საქმიან რეპუტაციას, ავტორიტეტსა და ქონებას გ) დაესწროს წელიწადში ერთხელ საერთო კრებას და მონაწილეობა მიიღოს მის მუშაობაში.

მუხლი8 ასოციაციის მართვის ორგანოები

8.1 ასოციაციის მართვის ორგანოებია: ა) საერთო კრება ბ) გამგეობა

მუხლი 9 საერთო კრება

9.1 ასოციაციის მართვის უმაღლესი ორგანოა წევრთა საერთო კრება.

9.2 საერთო კრებას იწვევს ასოციაციის გამგეობა წელიწადში ერთხელ.

9.3 ასოციაციის მიზნების და ინტერესების შესაბამისად საერთო კრების რიგგარეშე მოწვევის უფლებამოსილება აქვს წევრთა 1/10 ის წერილობითი განაცხადის საფუძველზე გამგეობის წევრთა უმრავლესობას ან ასოციაციის თავმჯდომარეს.

9.4 საერთო კრების მოწვევის შესახებ ასოციაციის წევრებს უნდა ეცნობოთ წერილით, ან ელ. ფოსტით, საერთო კრების ჩატარებამდე 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღით ადრე. შეტყობინებაში აღინიშნება კრების ჩატარების ადგილი, დრო და დღის წესრიგი. იმ შემთხვევაში, თუ კრების მიერ განხილულ უნდა იქნეს ასოციაციის გაუქმების საკითხი, კრების მოწვევის შესახებ ასოციაციის წევრებს უნდა ეცნობოთ 28 (ოცდარვა) კალენდარული დღით ადრე მაინც. შეტყობინება შეიძლება გაიგზავნოს წერილით, ფაქსით ან ელ. ფოსტით.

მუხლი 10 საერთო კრების ჩატარება

10.1 საერთო კრება წარიმართება ასოციაციის თავმჯდომარის მიერ. მის მიერ ამ უფლების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში გამგეობის სხვა წევრის მიერ რომელიც გამგეობის მიერ კენჭისყრის შედეგად უნდა იქნას არჩეული.

10.2 “საერთო კრება გადაწყვეტილების უნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი მაინც. თუ წევრი ფიზიკურად ვერ ახერხებს საერთო კრებაზე დასწრებას, მას მონაწილეობის მიღება შეუძლია ელექტრონული ფორმით (აუდიო და/ან ვიზუალური კომუნიკაციით)

10.3 იმ შემთხვევაში, თუ საერთო კრება აღმოჩნდება გადაწყვეტილებისუუნარო, იგი მოიწვევა განმეორებით შვიდი დღის შემდეგ იმავე წესითა და დღის წესრიგით და აღნიშნვით, რომ კრება განმეორებადია. განმეორებით მოწვეული საერთო კრება გადაწყვეტილებისუნარიანია მაშინაც, თუ არ გამოცხადდება წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ წევრთა საერთო რაოდენობის ერთი მესამედისა.

10.4 კენჭისყრისას ხმის უფლება აქვთ მხოლოდ ასოციაციის ნამდვილ წევრებს.

10.5 საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ დახურული კენჭისყრით.

10.6 გადაწყვეტილება, წესდებაში ცვლილების შეტანის შესახებ (გარდა ასოციაციის მიზნის შეცვლის გადაწყვეტილებისა), ასევე, უძრავი ქონების განკარგვაზე, მიიღება საერთო კრებაზე დამსწრე ნამდვილ წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. საერთო კრება წესდებაში ასოციაციის მიზნის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ნამდვილ წევრთა ხმათა ⅔ – ის უმრავლესობით.

10.7 საერთო კრება ირჩევს ასოციაციის გამგეობის წევრებს

10.8 საერთო კრება ამტკიცებს ორგანიზაციის სამოქმედო გეგმას

10.9 საერთო კრების ჩატარების დროს მზადდება ოქმი, რომელშიც მიეთითება კრების ჩატარების ადგილი, დრო, დამსწრეთა რაოდენობა, დღის წესრიგი, განხილული საკთხების არსებითი შინაარსი და გადაწყვეტილებები. ოქმს ადგენს სხდომის მდივანი, მასზე ხელს აწერენ კრების თავმჯდომარე და მდივანი.

მუხლი 11 საერთო კრების კომპეტენცია საერთო კრების უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) ასოციაციის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, ან წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება; ბ) ასოციაციის მიზნის შეცვლა გ) გამგეობის წევრთა არჩევა დ) წელიწადში ერთხელ გამგეობისა და სარევიზიო კომისიის ანგარიშების მოსმენა და დამტკიცება; ე) ასოციაციის გაუქმებისა და გარდაქმნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება; ვ) კანონისა და წესდების თანახმად სხვა საკითხების გადაწყვეტა. ზ) შემდეგი ანგარიშების დამტკიცება: 1.მომავალი წლის ბიუჯეტისა და წინა წლის ბიუჯეტის ანგარიშის დამტკიცება 2. წლიური ანგარიშის დამტკიცება 3.მომავალი წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება 4. სტრატეგიული გეგმის შეცვლა და დამტკიცება 5. კომუნიკაციის სტრატეგიის შეცვლა და დამტკიცება

მუხლი 12 ასოციაციის გამგეობა

12.1 ასოციაციის გამგეობა წარმოადგენს ასოციაციის მართვის ორგანოს

12.2 გამგეობა შედგება 5 წევრისგან. გამგეობის წევრთა მინიმუმ 3 წევრი უნდა იყოს ორგანიზაციის ნამდვილი წევრი.

12.3 გამგეობის (ასოცირებული წევრებისგან არჩეული) წევრის უფლებამოსილების ვადაა 2 წელი

12.4 გამგეობის (ნამდვილი წევრებისგან არჩეული) წევრის უფლებამოსილების ვადაა 3 წელი

12.5 თუ ვადის გასვლამდე გამგეობის რომელიმე წევრს უფლებამოსილება შეუწყდა ან არ ასრულებს საკუთარ უფლებამოვალეობებს, მის შემცვლელს ირჩევენ შემდეგი წლის საერთო კრებაზე

12.6 გამგეობის წევრად შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც არ ესწრება საერთო კრებას, თუ კრებაზე წარმოდგენილი იქნება მისი წერილობით თანხმობა გამგეობის წევრად არჩევის თაობაზე.

12.7 გამგეობამ უნდა წარუდგინოს ანგარიში საერთო კრებას ასოციაციის ქონების მდგომარეობის თაობაზე.

12.8 გამგეობის წევრები თავიანთ უფლებამოსილებას, როგორც წესი, ახორციელებენ ანაზღაურების გარეშე. გამონაკლის შემთხვევაში მათი საქმიანობა შეიძლება ანაზღაურებული იქნას მხოლოდ საერთო კრების გადაწყვეტილებით.

მუხლი 12 ა გამგეობის წევრები ასოციაციის გამგეობის წევრები არიან: სახელი გვარი პირადი ნომერი იურიდიული მისამართი

  • მარინე გოგია
  • ვალერიანი ტალიკაშვილი
  • ხათუნა ქუთათელაძე
  • გიორგი თაბაგარი
  • დავით კახაბერი

მუხლი 13 გამგეობის სხდომა

13.1 გამგეობის სხდომას იწვევს გამგეობის თავმჯდომარე (ასოციაციის თავმჯდომარე), ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში გამგეობის ერთ-ერთი წევრი.

13.2 გამგეობის სხდომა მოწვეული უნდა იქნას არანაკლებ სამ თვეში ერთხელ, რიგგარეშე სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნას გამგეობის თავმჯდომარის (ასოციაციის თავმჯდომარის), მისი არყოფნის შემთხვევაში გამგეობის ორი წევრის წერილობითი განცხადების საფუძველზე.

13.3 გამგეობის სხდომის ჩატარებისა და დღის წესრიგის შესახებ გამგეობის წევრებს უნდა ეცნობოთ გამგეობის სხდომის ჩატარებამდე 1 კვირით ადრე

13.4 გამგეობა გადაწყვეტილებისუნარიანია თუ მას ესწრება სულ მცირე 4 წევრი. თუ რომელიმე წევრი ვერ ესწრება გამგეობის სხდომას, მას შეუძლია ხმა მისცეს ელექტრონული (ელ.ფოსტა, ან აუდიო/ვიდეო) კომუნიკაციის ფორმით.

13.5 გადაწყვეტილების მიღებისას გამგეობის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია გამგეობის თავმჯდომარის ხმა.

13.6 გამგეობის სხდომის დროს დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე (ასოციაციის თავმჯდომარე), მისი არყოფნის შემთხვევაში კრების თავმჯდომარე და მდივანი.

მუხლი 14 გამგეობის კომპეტენცია

გამგეობა უფლებამოსილია: ა) განსაზღვროს ასოციაციის საქმიანობის სტრატეგია და პრინციპები აღმასრულებელ დირექტორთან შეთანხმებით; ბ) საკუთარი შემადგენლობიდან ირჩევს ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარეს. გ) აღმასრულებელი დირექტორის წარდგინებით დაამტკიცოს პროექტების დირექტორები; დ) განსაზღვროს გამგეობის წევრთა ფუნქციები. ე) მიიღოს ასოციაციის ნამდვილი და ასოცირებული წევრები. ვ) მიიღოს გადაწყვეტილება ასოციაციის წევრის წევრობიდან გასვლის თაობაზე მისი წერილობითი განაცხადის საფუძველზე ზ) მოიწვიოს საერთო კრება წესდებით განსაზღვრულ შემთხვევებში. თ) დააფუძნოს საზოგადოებები და გადაწყვიტოს მათში წილობრივი მონაწილეობის საკითხები, კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამტკიცოს დაფუძნებულ საზოგადოებათა წესდებები. ი) განკარგოს ასოციაციის ქონება. კ) შექმნას ფილიალები, დაამტკიცოს მათი დებულებები. ლ) წარმართოს ასოციაციის ლიკვიდაცია. მ) დაამტკიცოს ასოციაციის ბეჭედი, შტამპი, სატიტულო ფურცელი, ლოგო და საწევრო წიგნაკის ნიმუშები. ნ) დააჯილდოვოს ასოციაციის წევრები ასოციაციის მუშაობაში აქტიური მონაწილეობისათვის. ო) განახორციელოს ფინანსების მოძიება. პ) დანიშნოს აღმასრულებელი დირექტორი. ჟ) აღმასრულებელი დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ამტკიცებს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს აღმასრულებელი დირექტორის მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან.

მუხლი 15 ასოციაციის თავმჯდომარე

15.1 ასოციაციის თავმჯდომარეს ირჩევს საერთო კრების მიერ არჩეული გამგეობა საკუთარი შემადგენლობიდან.

15.2 ასოციაციის თავმჯდომარე სარგებლობს ასოციაციის ნამდვილი წევრის უფლებამოვალეობით.

15.3 საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიღებისას ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვვაში ასოციაციის თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმის უფლება.

15.4 ხელმძღვანელობს გამგეობის საქმიანობას და უძღვება მის სხდომებს.

15.5 უძღვება ასოციაციის წევრებთან და წევრობის მსურველებთან მუშაობას გამგეობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

15.6 გამგეობის თავმჯდომარემ შესაძლოა შეითავსოს აღმასრულებელი დირექტორის უფლება-მოვალეობები დირექტორის არ ყოფნის და დირექტორის მიერ ობიექტური მიზეზებით გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში.

15.7 პასუხისმგებელია გამოითხოვოს აღმასრულებელი დირექტორისგან წერილობითი და ზეპირი ანგარიში.

15.8 პასუხისმგებელია მინიმუმ 3 თვეში ერთხელ მოიწვიოს და გაუძღვეს გამგეობის სხდომას.

15.9 პასუხისმგებელია წელიწადში ერთხელ მოიწვიოს და გაუძღვეს ასოციაციის საერთო კრებას.

მუხლი 15ა ასოციაციის თავმჯდომარე

ასოციაციის თავმჯდომარეა: სახელი გვარი პირადი ნომერი იურიდიული მისამართი

  • მარინე გოგია

მუხლი 16 ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა

16.1 ასოციაციის ხელმძღვანელობას და წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებს აღმასრულებელი დირექტორი.

16.2 აღმასრულებელი დირექტორი აირჩევა გამგეობის მიერ 2 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი შეიძლება აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე არჩეულ იქნას ზედიზედ მხოლოდ ორი ვადით.

16.3 ხელმძღვანელობს ასოციაციის მიმდინარე საქმიანობას

16.4 დებს ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს ასოციაციის სახელით.

16.5 ხელს აწერს ასოციაციის საფინანსო დოკუმენტებს

16.6 ახორციელებს ადამიანური რესურსების მართვას დირექტორთა საბჭოს წევრებთან ერთად. თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ასოციაციის თანამშრომლებს.

16.7 აღმასრულებელი დირექტორი არ შეიძლება იყოს გამგეობის წევრი, თუმცა შეიძლება იყოს ასოციაციის დამფუძნებელი, ნამდვილი ან ასოცირებული წევრი

16.8 აღმასრულებელი დირექტორი ანგარიშვალდებულია: 3 თვეში ერთხელ გამგეობას წარუდგენოს ზეპირი ანგარიში; 6 თვეში ერთხელ გამგეობას წარუდგინოს წერილობითი ანგარიში; წელიწადში ერთხელ საერთო კრებას გააცნოს ორგანიზაციის მიმდინარე და სამომავლო საქმიანობა.

16.8 პასუხისმგებელია საერთო კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების და დამტკიცებული დოკუმენტების აღსრულებაზე.

16.9 აღმასრულებელი დირექტორის ვადაზე ადრე განთავისუფლება ხდება მისი წერილობითი განაცხადის საფუძველზე, წესდებით გათვალისწინებული მოვალეობების შეუსრულებლობის და ორგანიზაციის ინტერესების დამაზიანებელი ქმედების საფუძველზე

მუხლი 16 ა აღმასრულებელი დირექტორი

ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორია: სახელი გვარი პირადი ნომერი იურიდიული მისამართი

  • გოჩა გაბოძე

მუხლი 17 დირექტორთა საბჭო

17.1 დირექტორთა საბჭო წარმოადგენს აღმასრულებელი დირექტორის მიერ მართულ სათათბირო ორგანოს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ორგანიზაციის ყოველდღიურ საქმიანობასა და გადაწყვეტილებებზე წესდებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად.

17.2 დირექტორთა საბჭოს წევრები არიან ორგანიზაციის პროექტების დირექტორები/მენეჯერები.

17.3 დირექტორთა საბჭოს წევრები იღებენ მონაწილებას ადამიანური რესურსის შერჩევის პროცესში, გარდა პროექტების დირექტორების პოზიციისა, რომელზეც გადაწყვეტილებას იღებს ასოციაციის გამგეობა.

17.4 დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებას აქვს სარეკომენდაციო ფუნქცია აღმასრულებელი დირექტორისთვის.

17.5 დირექტორთა საბჭოს წევრები ვალდებულნი არიან მონაწილეობა მიიღონ ორგანიზაციის წლიური ანგარიშის მომზადების პროცესში.

მუხლი 18 ასოციაციის ქონება

ასოციაციის ქონება წარმოიქმნება: ა. დაფუძნებული საზოგადოებებიდან მიღებული დივიდენტებისგან. ბ. სხვა საზოგადოებებისა და მოქალაქეებისაგან მიღებული შემოწირულობებისაგან. გ. სხვა წყაროებიდან, რომელიც აკრძალული არ არის საქართველოს კანონმდებლობით დ. ასოციაციის ქონება გამოიყენება მხოლოდ საწესდებო მიზნებისთვის ე. ასოციაციის წევრები არ იყენებენ წილს ასოციაციის ქონებიდან. ვ. ასოციაციის გამგეობამ მიღებული შემოსავლებიდან შეიძლება შექმნას სარეზერვო, საქველმოქმედო, თანამშრომელთა წახალისების და სხვა ფონდები.

მუხლი 19 ასოციაციის ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია

19.1 ასოციაციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საერთო კრების გადაწყვეტილებით ან საქართელოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

19.2 ასოციაციის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ასოციაციის წევრთა საერთო კრება დამსწრე წევრების ხმების ⅔ -ით.

19.3 ლიკვიდაციის დროს უნდა დასრულდეს მიმდინარე საქმეები, დადგინდეს მოთხოვნები, დარჩენილი ქონება გამოიხატოს ფულში, დაკმაყოფილდნენ კრედიტორები და დარჩენილი ქონება გაუნაწილდეს უფლებამოსილ პირებს.

19.4 გადაწყვეტილება ასოციაციის ლიკვიდაცია/რეორგანიზაციის შესახებ უნდა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. ლიკვიდაცია/რეორგანიზაციის პროცესი დაწყებულად ითვლება მისი რეგისტრაციაში გასვლის მომენტიდან.

19.5 აკრძალულია ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება ასოციაციის დამფუძნებლებს, წევრებს, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის.

19.6 ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილ იურიდიულ პირს განსაზღვრავს ასოციაციის საერთო კრება. ასოციაციის ქონების გასხვისება შსაძლებელია თუ : ა) გასხვისება ხელს უწყობს მის მიერ დასახული მიზნების განხორციელებას; ბ) ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს; გ) ქონება გადაეცემა სხვა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.

19.7 თუ ასოციაციის საერთო კრებამ არ განსაზღვრა ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილი პირი, სასამართლო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილ ქონებას გადასცემს შესაბამისად ერთ ან რამდენიმე არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომლებსაც აქვთ იგივე ან მსგავსი მიზნები, როგორიც ლიკვიდირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს. თუ ასეთი ორგანიზაციები არ არსებობს ან შეუძლებელია ასეთი ორგანიზაციის გამოვლენა, მაშინ შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ამ ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ. სასამართლომ ქონება შეიძლება გაანაწილოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან 6 თვის შემდეგ.

19.8 ლიკვიდაციას ახორციელებს ასოციაციის გამგეობა ან კანონით დადგენილი წესით დანიშნული ლიკვიდატორი. ლიკვიდატორი პასუხს აგებს, როგორც ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი.

მუხლი 20 დავების გადაწყვეტა

20.1 ასოციაციის წევრებს, ასევე ასოციაცისა და მის წევრებს შორის წარმოქმნილი დავა გადაწყდება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას გადაწყვეტს სასამართლო.

20.2 ასოციაციასა და მესამე პირებს შორის წარმოშობილი დავა გადაწყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 21 დასკვნითი დებულებები

21.1 წინამდებარე წესდება (დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმება) ძალაში შედის ყველა დამფუძნებლის/წევრის მიერ ხელმოწერის მომენტიდან.

21.2 თუ ამ წესდების (დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმების) რომელიმე დებულება ბათილად იქნა ცნობილი, ეს გავლენას არ მოახდენს წესდების სხვა დებულებების ნამდვილობაზე.

22.3 ამ წესდებასა და საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას შორის არსებული შეუსაბამობის შემთხვევაში მოქმედებს კანონი.

Powered by WordPress.com.

ზედა ↑

Design a site like this with WordPress.com
დაიწყე